საქართველოს პარლამენტს დღეიდან ახალი ვებ-გვერდი აქვს, რომლის მეშვეობით, ამომრჩეველს დეპუტატებთან ელექტრონულად
დაკავშირების შესაძლებლობა ექნება.
ამის შესახებ ვებ-გვერდის პრეზენტაციაზე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„ეს არის ტექნიკურად და კონცეპტუალურად ახალი ტიპის ვებ-გვერდი. გამჭვირვალობა არ ნიშნავს მხოლოდ შუშის შენობას, არამედ გამჭვირვალე მუშაობის პრინციპს“ – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, მოსახლეობისთვის მაქსიმალურად მარტივდება დეპუტატთან დაკავშირება. კერძოდ, პარლამენტის სპიკერის განცხადებით, აღარ იქნება საჭირო პარლამენტში მისვლა განცხადების დატოვება ან დეპუტატის ლოდინი, რაც განსაკუთრებით რეგიონების მოსახლეობისთვის არის რთული.
„მოქალაქეს სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად შეუძლია თავისი პრობლემა აუხსნას დეპუტატს და პასუხიც მიიღოს“ – განაცხადა ბაქრაძემ.
ამ ეტაპზე, ვებ-გვერდზე ინფორმაციის ატვირთვა ხდება. ერთი თვე ე.წ. გარდამავალი პერიოდი გაგრძელდება და ამ პერიოდში მომხარებლისთვის როგორც ძველი, ისე ახალი ვებ-გვერდი იქნება ხელმისაწვდომი.
