პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გოკა გაბაშვილისთვის გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია
მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები უცნობია.
„ეს არა საპარლამენტო, არამედ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებაა, ამიტომ მიზეზების შესახებ ვერაფერს გეტყვით“ – აღნიშნა გაბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთანავე, მან განაცხადა, რომ მაია მიმინოშვილის საქმიანობით კმაყოფილია და მან ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის ჩამოსაყალიბებლად ნაყოფიერად იმუშავა.
„მან წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა“ – განაცხადა დეპუტატმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განცხადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რეფორმების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა წარმოიქმნა.
