ივანიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდებს
ივანიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდებს
13:27 28.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გუშინ გასულ ერთ-ერთ გადაცემას გამოეხმაურა, სადაც  სტუმრად პოლიტოლოგი გია ნოდია იყო მიწვეული.
„გუშინდელ გადაცემაში, გია ნოდიას მხრიდან უხეში დემაგოგიას ჰქონდა ადგილი, რომ თურმე მე კონსტიტუციური ცვლილებების შემდგომ არ ვცემ საქართველოს მოქალაქეობას პატივს და 26 მაისს ხალხის დახოცვაში ხელისუფლება არაფერ შუაში არ იყო. ასეთი უხეში დემაგოგიით მას ძალიან გაუჭირდება საზოგადოებაში თავისი ადგილის პოვნა“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ნოდიას მოუწევს მეთოდები დახვეწოს და უფრო გაწაფული დემაგოგია გამოიყენეოს.
„როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, საზოგადოებრივი არხის წარმომადგენელებს საზოგადოება ხელფასს არ გადაუხდის, თუ მათ ასეთი განწყობა ექნება საზოგადოების წინააღმდეგ, როგორიც გუშინ გადაცემის წამყვანს ჰქონდა“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს მოუწევთ თავიანთი რიტორიკის გადაწყობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება ფულს აღარ გადაიხდის.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომელი თავის ადგილზე დარჩება. ჩვენ უმუშევრობით არავის ვემუქრებით, მაგრამ თუ ისინი ვერ მოერგებიან საზოგადოებას, ვერ დაფინანსდებიან. ჩვენ არავის არაფერს ავუკრძალავთ, ეს თავისთავად მოხდება“ - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საზოგადოების მოთხოვნილებები შეიცვლება და სიცრუეს გასავალი აღარ ექნება.

ბეჭდვა