პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ყველა ქალაქს მოივლის.
კოალიციის გეგმებზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, კოალიცია ქუთაისს, ხოლო შემდეგ ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და სხვა ქალაქებს ესტუმრება.
ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია არჩევნებამდე მაქსიმალურად ყველა პატარა ქალაქსა და სოფელს მოივლის.
„ყველა ქალაქში ალბათ გუშინდელი აქციის მსგავსი ვერ ჩატარდება, მაგრამ აქციებს აუცილებლად ჩავატარებთ. ვცდილობთ, არჩევნებამდე ყველგან ჩავიდეთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, როგორც თბილისში, რეგიონებშიც ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობაა. კოალიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ დედაქალაქისგან განსხვავებით, ხელისუფლება რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დათრგუნვას უფრო ადვილად ახერხებს და ამ კუთხით ვითარება „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გამოასწოროს.
„ხელისუფლება ახერხებს უფრო იოლად დათრგუნოს სოფლები და რაიონები, სადაც უფრო ცოტა ხალხია. ჩვენ ამ საკითხს წინ წამოვწევთ და იქაც ჩავიტანთ ამ მუხტს“- აღნიშნა ივანიშვილმა.
კოლიცია აქციის გამართვას 7 ივნისს ქუთაისში გეგმავს.
