საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის
12:27 28.05.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს კიდევ ერთ საპროტესტო ნოტას გაუგზავნის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
საპროტესტო ნოტა ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, ჭუბურხინჯში რუსეთის მიერ დაგეგმილი ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება.
კალანდაძის განმარტებით, ფარული არ არის ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის გაკონტროლება ვერ ხერხდება, სამხედრო შეიარაღების ზრდა მიმდინარეობს.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს მხრიდან რეაგირების ბერკეტი საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებაა.
„ამავდროულად, საპროტესტო ნოტას შვეიცარიის საელჩოს გავლით რუსეთს გავუგზავნით, რომელიც ალბათ, ტრადიციულად უპასუხოდ დარჩება, რადგან მსგავსი სამხედრო შეიარაღების ზრდა, სწორედ რუსეთის ინტერესში შედის“ - აღნიშნა კალანდაძემ.
ჭუბურხინჯში რუსეთის მხრიდან ახალი სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა.

ბეჭდვა