საგარეო საქმეთა სამინისტრო სერბეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობის აღმოფხვრის იმედს გამოთქვამს
საგარეო საქმეთა სამინისტრო სერბეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობის აღმოფხვრის იმედს გამოთქვამს
12:22 28.05.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სერბეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობის  მალე აღმოფხვრის იმედს გამოთქვამს.
საგარეო პოლიტიკურ უწყებაში იმედოვნებენ, რომ გაუგებრობა, რომელიც სერბეთის პრეზიდენტის ტომისლავ ნიკოლიჩის მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, მალე მოგვარდება.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე აღნიშნა. მისი განცხადებით, ქართველ და სერბ ხალხს, მჭიდრო რელიგური და კულტურული ურთიერთობები და ერთნაირი ისტორიული წარსული აკავშირებთ.
კალანდაძის თქმით, როგორც ქართველ ხალხს ისე სერბებს, საერთო ევროპული ინტერესები და ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესები აქვთ.
კალანდაძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღიარებულ მის საზღვრებს მხარს უჭერს.
„დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა სერბეთის ინტერესებშიც შედის, რაც შესაბამისად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვასაც გულისხმობს. შესაბამისად, გვჯერა, რომ ორმხრივი კონსულტაციებისა და ევროკავშირი-სერბეთის ურთიერთობის ფარგლებში, ამ გაუგებრობას ნათელი სწრაფად მოეფინება და ის აღმოიფხვრება“-განაცხადა კალანდაძემ.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, სერბეთის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა, რადიოსადგურ ,,ეხომოსკვის“ ეთერში განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, რომ სერბეთის პარლამენტმა აფსაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს.

ბეჭდვა