პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვეების“ ყოფილი წევრის დავით საგანელიძის განცხადებით, ის მთელ თავის ცოდნასა და გამოცდილებას
კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მოახმარს. როგორც საგანელიძემ „ქართული ოცნების“ აქციის დასრულების შემდეგ „ნიუსპრესს“ განუცხადა, მისი „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო“-ში გაწევრიანების საკითხი ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა.
საგანელიძის განმარტებით, ამ თემაზე საუბარი კოალიციის ლიდერებთან ჯერ არ ყოფილა.
„ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს იმას, აქ რა სტატუსით ვიმყოფები. მე ამ ქვეყნის შვილი ვარ. ერთ-ერთი აქ მყოფთაგანი. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი გამოცდილება, ცოდნა, თუ გარკვეული დამოკიდებულება საზოგადოებისადმი, სწორედ კოალიციას მოვახმარო“- აღნიშნა საგანელიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი აქციაზე შეკრებილ ხალხს ქვეყნის გადარჩენის იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა და იგი შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
როგორც საგანელიძემ აღნიშნა, ხალხის ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება შეუქცევადი პროცესია და მას წინ ვერაფერი აღუდგება.
