კოალიცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციაზე მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად ყველა ზომა მიღებული იყო.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიციის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა თავისუფლეის მოედანზე დღეს, აქციის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მან ასევე დღევანდელ აქციას ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა უწოდა.
„1988 წლიდან სხვადასხვა აქციების მონაწილე ვარ, მაგრამ ამდენი ხალხი ერთად არც ერთ აქციაზე არ მინახავს. თანაც ეს არჩევნებამდე 5 თვით ადრე ხდება. ვფიქრობ, უკვე გადაწყვეტილია თუ ვინ გაიმარჯვებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ახლა მთავარია, ამ მოვლენით თავზარდაცემულმა ხელისუფლებამ ქვეყნისთვის რაიმეს ვნება არ მოახერხოს“ - განაცხადა უსუფაშვილმა
მისივე განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქუჩაში გამოსვლა ყველაზე ხელსაყრელ დროს გადაწყვიტა.
„ყველა გვეკითხებოდა, რატომ არ გამოდიხართ გარეთ, რატომ არ იწყებთ აქციებს? ჩვენ გამოვედით მაშინ, როდესაც საჭირო იყო და საამისოდ ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა. ასეთ შეხვედრებს რეგიონებში გავაგრძელებთ და შემდეგ უკვე არჩევნებზე გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ“ - აღნიშნა მან.
რაც შეეხება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის აქციაზე გამოჩენას და გავრცელებულ ინფორმაციას მის კოალიციაში გაერთიანების შესახებ, უსუფაშვილმა ეს საკითხი არ დააკონკრეტა.
„ბურჯანაძე საქართველოს მოქალაქეა და ის აქციაზე ისევე იყო მოსული, როგორც დანარჩენი 200 000 მოქალაქე. ის ერთ-ერთი მათგანი იყო და ეს ძალიან კარგია“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა განმარტება აქციაზე საქართველოს ძველი დროშის გამოჩენის შესახებაც გააკეთა. მისი თქმით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღეს თბილისში სწორედ ეს დროშა ფრიალებდა. ამასთან, დროშა მხოლოდ ერთი დღით გამოიყენეს და ის კოალიციის სიმბოლო არ იქნება.
