პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილი წევრი დავით საგანელიძე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციას შეუერთდა და ის კოალიციის
ლიდერებთან ერთად, ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალ კოლონაში ჩადგა.
როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ქართულ ოცნებაში“ გადასვლა 27 მაისამდე ჰქონდა გადაწყვეტილი და მისივე თქმით, ძალიან სასიხარულოა რომ ეს ასე მოხდა.
„მე ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს ვდგავარ „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად, ყველას მინდა ვუთხრა, რომ ვისაც ამ ქვეყნისთვის კარგი უნდა დაივიწყოს წყენა. მემარჯვენე მემარცხენე პოზიცია პოლიტიკაში და ყველამ ერთად ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის“-განაცხადა საგანელიძემ.
აქციის მონაწილეებთან ერთადაა, კოალიციის წევრი, პოლიტიკური პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი გოგი თოფაძე.
როგორც თოფაძემ „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა, დღევანდელ აქციაზე ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის პროვოკაცია გამორიცხულია, რადგან, მისივე თქმით, ხელისუფლებას ამის ძალა აღარ შესწევს.
თოფაძის თქმით, ხალხმა ქვეყნის გადარჩენის შესაძლებლობა დაინახა და სწორედ ამიტომ არის დღევანდელი აქცია ასე ხალხმრავალი.
„ხალხმა დაინახა, რომ არსებობს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის შესაძლებლობა, ამიტომ, ყველა ელოდება იმ დროს, როცა არსებული რეჟიმი დასრულდება და სამართლიანობა გაიმარჯვებს“-განაცხადა მრეწველთა ლიდერმა.
ამ წუთებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ლიდერები ვაკიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. როგორც ცნობილია, ვაკის კოლონას ფილარმონიასთან კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ ვაკის პარკთან შეკრებილ საზოგადოებას ლევან და გია გაჩეჩილაძეები შეუერთდნენ.
