საქართველოს პრეზიდენტი ბიზნესის წარმოამდგენლებს ქვეყნის სოციალური სტაბილურობისა და განვითარების მთავარ გარანტად მიიჩნევს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს „ემბავუდში“ შეკრებილ სამრეწველო გამოფენის მონაწილეებს განუცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის საზოგადოებას პოლიტიკურ სტაბილურობას არ სთავაზობს.
„როგორც კი მთავრობა იწყებს საუბარს, რომ მას მოაქვს სტაბილურობა, მისი საქმე წასულია. ეს დაემართა შევარდნაძეს და ახლა პუტინს სჭირს“-განმარტა მან და დასძინა, რომ სტაბილურობა სასაფლაოსა და ჭაობშია.
„ჩვენ გვინდა სტაბილური, ჩქარი განვითარება“-განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უკმაყოფილო ხალხი ყოველთვის იქნება. მან ამის კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა.
„გუშინ მიყვებოდა ერთი ჩემი მეგობარი, რომ ნათლია ჰყავს, რომელიც ვერ მიტანს. რა თქმა უნდა, ეს ნათლია ყველა მიტინგზე გავა. ეგეთი ნათლიები ბევრი არსებობს“-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, აღნიშნული მოქალაქე წარსულში პოლიციელი იყო, რომელიც უკანონოდ ფლობდა მიწას, ამ ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი პარკი აშენდა და მიწა უკანონო მფლობელს ჩამოერთვა.
„მას მიწა ჩაუნაცვლეს, სხვაგან გადაიყვანეს. ასევე სხვა ბიზნესებიც დარჩა, სხვა მიწებიც, მაგრამ ჩვენ მისთვის კლასობრივად მტრები ვართ“-განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, თბილისშიც და დანარჩენ საქართველოშიც ყოველთვის იარსებებს ასობით ათასი ადამიანი, რომელიც ხელისუფლებით უკმაყოფილოა.
