კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ თავისუფლების მოედანზე დღეს დაგეგმილი
აქცია მასშტაბური იქნება. ამის შესახებ ბერძენიშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, რომელიც ამ წუთებში დინამოს სტადიონთან იმყოფება, სადაც მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
მისი თქმით, დღეს ,,ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას იწყებს.
„თავისუფლების მოედანზე უამრავი ხალხი მივა. ჩვენ დღეს ვაჩვენებთ ხელისუფლებას, რომ ძალიან ბევრნი ვართ. დღეს ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიას გახსნის“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, კოალიცია კარგად არის მომზადებული და ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლებას შეცვლის.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის არჩილ კბილაშვილის განცხადებით კი, აქციის მონაწილეებს ამაღლებული განწყობა აქვთ. მისი თქმით, დღევანდელი აქცია ხალხის რეალური ოცნებების განხორციელების დასაწყისია.
,,ჩემი ოცნებაა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იყოს დასაქმებული. არ იყოს უმუშევრობა და უსამართლობა. იყოს ზნეობრივი ყოფა და ეს ნაცრისფერი ერთფეროვნება აღიკვეთოს“-აღნიშნა კბილაშვილმა.
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე კი, დარწმუნებულია, რომ კოალიცია მოსახლეობის ოცნებების ასრულებას შეძლებს.
,,დღეს ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნება. ძალიან სერიოზული მესიჯები გაცხადდება. იქნება გზავნილები და რაც მთავარია, ქართველი ხალხის ნება იქნება გამოხატული“-განაცხადა სანიკიძემ.
