ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში არჩილ გეგეშიძე არ ფიქრობს, რომ სერბეთის მიერ აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვა
ტენდენციის სახეს მიიღებს.
გეგეშიძემ „ნიუსპრესთან“ საუბარში არ გამორიცხა, რომ სერბეთის პარლამენტმა აღნიშნული საკითხი განიხილოს, თუმცა, ის მიიჩნევს, რომ ეს სერბეთის ახალი პრეზიდენტის მიერ უფრო რუსეთის გავლენით გაკეთებული განცხადება იყო.
„სერბეთში პრეზიდენტი არჩევნების გზით შეიცვალა. წინა პრეზიდენტი პროევროპული იყო და ევროკავშირისკენ მიისწრაფოდა. შესაბამისად, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში საერთაშორისო საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ აზრს იზიარებდა. ახალი პრეზიდენტი კი, ცოტა ნაციონალისტია და მეტ-ნაკლებად რუსეთის გავლენის ქვეშაა“-განაცხადა მან.
გეგეშიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოკიდებლობის საკითხის განხილვის შესახებ განცხადება რუსეთის კარნახით გააკეთა. მისი ვარაუდით, ეს პრეზიდენტის არა სერიოზული გადაწყვეტილება, არამედ, ევროპასთან ვაჭრობა იყო.
ექსპერტის თქმით, სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთსა და კოსოვოს შორის ბევრი პოლიტიკური, ისტორული და ეთნიკური განმასხვავებელი ნიშანია. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კოსოვო ევროკავშირის 23-მა სახელმწიფომ, ასევე აშშ-მ, ავსტრალიამ და კიდევ მრავალმა ქვეყანამ აღიარა, ის სრულფასოვანი სახელმწიფო მაინც არ არის.
„კოსოვო მაინც არ არის სრულფასოვანი ქვეყანა, რადგან ის გაერო-ს და სხვა ორგანიზაციების წევრი არაა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კი, საერთოდ არაფრის წევრები არ არიან“ - განაცხადა მან.
ექსპერტის თქმით, კოსოვოს ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც დასავლეთზეა განაწყენებული, ეს განცხადება სამაგიეროს გადახდის მიზნით გააკეთა.
„რამდენად მოხდება ამის რეალიზაცია, ეს საკითხავია“-აღნიშნა მან.
სერბეთის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა რადიოსადგურ "ეხო მასკვის" ეთერში განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, რომ სერბეთის პარლამენტმა აფსაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.
