„სახალხო კრება“ ხელისუფლებას მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ დაგეგმილ აქციაზე პროვოკაციები არ განახორციელოს.
საგანგებო განცხადება ამის შესახებ „სახალხო კრების“ აღმასრულებელმა საბჭომ დღეს გაავრცელა.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, 2011 წლის 21 მაისის მსგავსად, არ გაბედოს აქციაზე მოსვლის მსურველთა და მათი ოჯახის წევრთა დაშინება და დატერორება, არ შეუშალოს ხელი მოქალაქეებს დედაქალაქში თავისუფალ გადაადგილებაში და უზრუნველყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობა“-ნათქვამია კრების განცხადებაში.
ამავე დროს, „სახალხო კრება“ ძალოვანი უწყებების თანამშრომლებსაც მიმართავს რათა მათ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად იმოქმედონ და უკანონო ბრძანებები არ შეასრულონ.
„სახალხო კრება“ განმარტავს, რომ ის ზეპარტიული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციაა და მიუხედავად პოლიტიკურ შეხედულებათა სხვადასხვაობისა, ყველა რეალურად ოპოზიციურ ძალას სოლიდარობას უცხადებს. კრება ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას კოორდინირებული, შეთანხმებული მოქმედებებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
