საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით სხვადასხვა სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი დააჯილდოვა.
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდნენ - ერის სულიერი აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე, ქუთაისის ისტორიის მუზეუმის დირექტორი ომარ ლანჩავა, ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი, ფოლკლორის პოპულარიზაციის საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის ზაზა კორინთელი და გიორგი უშიკიშვილი და სხვები. ჯილდოები პრეზიდენტმა მათ პირადად გადასცა.
მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენი ავღანეთის სამხედრო მისიაში მონაწილე ვიცე-პოლკოვნიკის ალექსანდრე ტუღუშის მშობლებსაც გადასცა.
„ალექსანდრე ტუღუში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა. მქონდა შესაძლებლობა ოზურგეთში მის მშობლებს შევხვედროდი და მაშინ მივხვდი, რომ გმირები შემთხვევით არ იბადებიან. მათ ჩვენი მიწა-წყალი წარმოშობს და კონკრეტული ოჯახები ზრდიან“- განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ალექსანდრე ტუღუშის მშობლებს მთელი საქართველოს სახელით აჯილდოებს, რადგან მათ საქართველოს გმირი აღუზარდეს.
