საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის თავკომბალა ქალაქად ქცევას დაუშვებლად მიიჩნევს.
აღნიშნული განცხადება მან ქუთაისში, პარლამენტის საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, დღეს თბილისში ისეთი აღმშენებლობაა, როგორც არასდროს ქვეყნის ისტორიაში.
„მე, როგორც თბილისელი ამას სიამით ვამაყობ, მაგრამ არ შეიძლება თბილისი თავკომბალა იყოს. აღმშენებლობა მხოლოდ ცენტრით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ამიტომ, მშენებლობა ბათუმში, მესტიაში, სიღნაღში, ახალციხეში, სხვადასხვა ადგილებში განვაგრძეთ. ამის შედეგია ქუთაისი და ამიტომ შენდება ახალი ეკონომიკური ზონები“ - განაცხადა მან.
მან სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქვეყანის განვითარების პროცესში დეცენტრალიზაციის როლზე გაამახვილა. პრეზიდენტის განცხადებით, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში ქვეყნის ცენტრად და პერიფერიებად დაყოფის დასრულება იყო.
„ჩვენ დასავლეთად და აღმოსავლეთად დაყოფილი საქართველო არ ვართ, არ ვართ კუთხეებად და რეგიონებად დაშლილი ქვეყანა, ჩვენ არ ვართ პრესტიჟული და არაპერესტიჟული ზონებისგან შემდგარი დასახლება, არ ვართ საზოგადოება, რომელიც პრივილეგირებულ ელიტად და უუფლებო მასად იყოფა. ჩვენ ვართ ერთი სახელმწიფო და ერთი საზოგადოება“ - განაცხადა მან.
პრეზიდენტის თქმით, რეფორმების მიზანიც სწორედ ისაა, რომ ცენტრად არა ერთი უბანი, არამედ მთელი ქვეყანა იქცეს.
მისივე განცხადებით, დეცენტრალიზაციის საშუალებით ქვეყნის პროგრესით უფრო მეტი მოქალაქე ისარგებლებს.
