პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში პარლამენტის ახლადგახსნილ შენობაში, საზეიმო სხდომაზე ქვეყნის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო თავისუფლებისკენ სავალ გზას 96 წლის წინ დაადგა.
მისი თქმით, მანამდე, ასწლეულების მანძილზე საქართველო სხვადასხვა იმპერიის მიერ თავისუფლების უფლებააყრილი იყო. მას სახელწიფოებრიობის ტრადიცია დაკარგული ჰქონდა და ეროვნულ იდენტურობას სასიცოცხო საფრთხე ემუქრებოდა.
„ამის მიუხედავად, მაინც გაბედეს და გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა. დღეს, დარბაზში ჩვენთან ერთად იმყოფებიან პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელთა ოჯახის წევრები. ეს ურთულესი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ის ჩვენი ხალხის უმთავრეს ფასეულობას - თავისუფლების სიყვარულს ეფუძნებოდა“ - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
სააკაშვილის თქმით, თავისუფლების გზაზე სიარული უფრო რთული ამოჩნდა ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა, რადგან 3 წელიწადში ეს გზა, მისივე თქმით, ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა იმპერიამ თავის ახალ კოლონასთან და შიდა მოღალატეებთან ერთად დაიკავა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს დიდი ხნით წაერთვა საშუალება თავად გადაეწყვიტა საკუთარი ბედი და 70 წელი უუფლებოდ ცხოვრობდა.
„მაგრამ ერთადერთი, რაც ამ დროის განმავლობაში ვერ წაგვართვეს უპირობო რწმენა იყო, რომ ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელშია და, რომ თავისუფლება ერთადერთი ფორმაა ჩვენი ერის წარმატებისთვის“- განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ თავისუფლება ერის წარმატების განმსაზღვრელია და სახელმწიფოს დამოუკიდებელ არსებობას განაპირობებს.
მისი თქმით, ქვეყანა თავისუფლების დროშის ქვეშ ვერ გაერთიანდება, ვიდრე მის ტერიტორიას იმპერიის უკანასკნელი ნაწილები არ დატოვებენ.
„ამ დიდებულ დღეს ჩვენ ქედს ვიხრით წასული გმირების ხსოვნის წინაშე, მაგრამ, გამოვხატავთ პატივისცემას დღევანდელი გმირების, ჩვენი ახალგაზრდებისადმი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცეს წარმოადგენენ. მათი სამსახური საქართველოს ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩვენს სახელმწიფოებრიობას წარმოადგენს“- განაცხადა სააკაშვილმა.
