პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში არის ხალხი, რომელიც არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების გამოსაყენებლად ემზადება და დავალება აქვთ მიღებული ქვეყანა განვითარების გზას ჩამოაშორონ.
აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, პარლამენტის საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისივე თქმით, მეზობელ ქვეყანას, რუსეთს საქართველოს ხელისუფლების დამხობა სურს და ამისთვის არჩევნების პერიოდის გამოყენებას შეეცდება.
„ვიცით, რომ საქართველოს მეზობელმა ჩვენი არჩევნების პარალელურად ძალიან დიდი სამხედრო სწავლებები დანიშნა. ის შეეცდება, ამ სწავლებებს საბაბი მისცეს იმისთვის, რომ არჩევნების პერიოდში რაღაც მოიმოქმედოს მისი სანუკვარი მიზნის - საქართველოს ხელისუფლების დამხობის თვალსაზრისით. ვიცით, რომ ეს გეგმები არსებობს. ვიცით, რომ ეს ფული შემოედინება და ყველაფერი ამისთვის კეთდება“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოს სტაბილურობის მთავარი გარანტი ქართველი ხალხია.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ხალხი საკუთარი დემოკრატიისა და მომავლის გადასარჩენად იბრძოლებს.
