პარტია ,,ქართული დასი“ გასული წლის 26 მაისის აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს.
როგორც დღეს სამების საკათედრო ტაძარში პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, მისი პარტიის წევრები სრული შემადგენლობით იმყოფებოდნენ ღვთისმსახურებაზე, რომელიც შარშანდელი 26 მაისის აქციის დაშლის დროს დაღუპულებსა და დაშავებულებს მიეძღვნა.
ბაღათურიას შეფასებით, აქცია პრეზიდენტის პირადი მითითებითა და სურვილით დაარბიეს.
ამასთან, მისი თქმით, სამარცხვინოა ქუთაისის პარლამენტის შენობაში საზეიმო სხდომის გამართვა იმ ფონზე, როცა იმ ადგილას დედა-შვილი დაიღუპა.
,,ეს სხდომა კი არა, მორიგი ტაშფანდურია, პარლამენტის წევრები კი - დაახლოებით ისეთივე ბუტაფორიის როლს ასრულებენ, როგორსაც სააკაშვილი ხანდახან საავადმყოფოებში ჩაამწკრივებსხოლმე ჰალსტუხიანი ავადმყოფებისა და მუშების სახით“ - განაცხადა მან.
ბაღათურია დღეს ქუთაისში დაგეგმილ საზეიმო სხდომაში მონაწილეობას არ აპირებს.
