„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, ტრაგიკულია, როცა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ
პროცესებს მსხვერპლი მოჰყვება.
როგორც მან დღეს სამების საკათედრო ტაძარში, გასული წლის 26 მაისის აქციის დაშლისას გარდაცვლილთა და დაშავებულთათვის ჩატარებული ღვთისმსახურების შემდეგ განაცხადა, ნორმალურია, როცა პოლიტიკურ პროცესს გამარჯვებული და დამარცხებული ჰყავს, მაგრამ მას მსხვერპლი არ უნდა მოჰყვებოდეს.
,,საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უპირველეს ყოვლისა რასაც ვისურვებდი, ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერება და მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ჩვენი საქმე ისე გვეკეთებინოს, რომ მას მსხვერპლი არ მოჰყოლოდეს“-აღნიშნა თარგამაძემ.
მსახურებას საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ამომრჩეველთა ლიგის“ წევრებიც ესწრებოდნენ.
როგორც ,,ნიუსპრესს“ ამომრჩეველთა ლიგის წარმომადგენელმა გოგა ხაინდრავამ განუცხადა, 26 მაისს დაღუპულები გამორჩეული ადამიანები იყვნენ, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის სამსხვერპლოზე მიიტანეს.
