სამებაში 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა მოსახსენიებელი მსახურება დასრულებულია
სამებაში 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა მოსახსენიებელი მსახურება დასრულებულია
13:59 26.05.2012
სამების საკათედრო ტაძარში გასული წლის 26 მაისს დაღუპულთა მოსახსენიებლად და დაშავებულთათვის ჩატარებული ღვთისმსახურება უკვე დასრულებულია.
პარაკლისი და პანაშვიდი მამა გიორგი ზვიადაძემ აღავლინა.
მან მსახურების დასრულების შემდეგ იქადაგა და აღნიშნა, რომ პატრიარქი საქართველოში არ იმყოფება და მისი სახელით გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
„უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისში არ იმყოფება. მე მინდა, მისი სახელით დიდი სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილთა ოჯახებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეზე იბრძოდა თითოეული მათგანი“ - აღნიშნა მოძღვარმა.
მან გარდაცვლილთა ოჯახები დალოცა და დაშავებულებს და დაპატიმრებულებს მხნეობა უსურვა.
„ღმერთმა ინებოს, რომ პატრიარქის ლოცით, საქართველო აღორძინდეს და გაერთიანდეს. ჩვენ გვინდა, რომ ყველა თქვენგანს მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე“ - აღნიშნა მან.
აღნიშნულ მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში დღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და გასული წლის 26 მაისის აქციის მონაწილეები ესწრებოდნენ.

ბეჭდვა