კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერს
ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.
ივანიშვილი, რომელიც სამებაში გასული წლის 26 მაისის აქციის დაშლის დროს დაღუპულთა მოსახსენიებელ ღვთისმსახურებას ესწრება, ბურჯანაძესთან მივიდა, ხელი ჩამოართვა და მიუსამძიმრა. აღნიშნულ ფაქტს, სამებაში პარაკლისზე შეკრებილების აპლოდისმენტები მოჰყვა.
კოალიციასა და ბურჯანაძეს შორის გაუგებრობა რამდენიმე თვის წინ წარმოიშვა, როცა ბიძინა ივანიშვილმა „სახალხო კრებისა“ და „ქართული აკადემიის“ წევრებთან შეხვედრაზე ბურჯანაძის მისამართით აღნიშნა, რომ თუ ადამიანი საერთო საქმეს ვერ ეხმარება, ისეთი პოზიცია უნდა აირჩიოს, რომ ის არ დააზიანოს მაინც. ამის შემდეგ ორივე მხარის მიერ სხვადასხვა შინაარსის ურთიერთკრიტიკული განცხადებები გაკეთდა.
