ქუთაისი სამხედრო აღლუმის მისაღებად მზად არის. ამის შესახებ ქუთაისში დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთიანი საქართველოს ყველა პერიოდში თბილისისა და ქუთაისის ერთობა ქვეყნის დიდების საფუძველი იყო, ნებისმიერი ქართველის ცნობიერებაში ქუთაისი მეორე დედაქალაქს წარმოადგენდა.
„ქუთაისი დღეს მზად არის მიიღოს აღლუმი, მზად არის იმისთვის, რომ ჩატარდეს პირველი ერთჯერადი საზეიმო სხდომა. მიმაჩნია, რომ ჩვენი რაოდენობის ერს, არ აქვს უფლება მხოლოდ ერთ ქალაქში მოიყაროს თავი“ - აღნიშნა ბობოხიძემ.
დეპუტატის შეფასებით, ქუთაისში პარლამენტის გადატანა და ქალაქის განვითარება, მთელი რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ქუთაისის პარლამენტის შენობაში დღეს საზეიმო სხდომა გაიმართება, რომელზეც სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გამოვა.
