პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ერთი კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის ირგვლივ გაერთიანებას
შეცდომად მიიჩნევს. ამის შესახებ მან „ნიუსპრესს“ პარტიიდან ერთ-ერთი წევრის დავით საგანელიძის წასვლის ფაქტზე კომენტირებისას განუცხადა.
ნაჭყებიას განმარტებით, ის ქვეყანაში ერთი ლიდერის მეორეთი ჩანაცვლების კატეგორიული წინააღმდეგია. ფიქრობს, რომ 2012 წელს აუცილებლად მრავალპარტიული პარლამენტის არჩევა მოხდეს და პოლიტიკოსთა გაერთიანება მხოლოდ ერთი კონკრეტული ლიდერის გარშემო არ უნდა ხდებოდეს.
„ამ შემთხვევაში კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზე არ არის საუბარი. ზოგადად, ერთ გვარზე, ერთ პოლიტიკოსზე სწორება დიდი შეცდომაა. მე ამ შეცდომის დაშვებას ყველანაირად შევეწინააღმდეგები, და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტი იყოს. ჩვენი ხედვა ასეთია. როგორც ჩანს საგანელიძეს სხვა ხედვა აქვს“ - განაცხადა მან.
ნაჭყებიამ ასევე განაცხადა, რომ საგანელიძემ პარტიის წევრებს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ადრევე აცნობა. ამასთან, ისინი პარტიის უკვე ყოფილ წევრთან მეგობრულ ურთიერთობას შეინარჩუნებენ.
მისივე თქმით პარტიის სხვა წევრები კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გადასვლას არ აპირებენ.
დავით საგანელიძემ „ახალი მემარჯვენეებიდან“ წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა.
