ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რიგით 122-ე შეხვედრა სტრასბურგში გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალზე ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენციის კონტროლის მექანიზმების ეფექტურობის ხანგრძლივი ვადით უზრუნველყოფა და საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშემშლელი გარემოებების დაძლევა განიხილეს.
მინისტერიალის ფარგლებში, ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით კომუნიკაციაში ყურადღება ოფიციალური დღის წესრიგის ყველა საკითხზე გამახვილდა, მათ შორის, ხაზგასმით აღინიშნა ევროპის საბჭოს რეფორმირებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის კონტროლის მექანიზმების ხანგრძლივი ვადით უზრუნველყოფის მნიშვნელობა.
ასევე, განიხილეს მეზობელი რეგიონის სახელმწიფოებისთვის დახმარების გაწევა ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და პრინციპების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლების გზით.
მინისტრთა კომიტეტის სხდომზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დღის წესრიგის შემდეგ საკითხს - საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშემშლელი გარემოებების დაძლევა.
„ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ მინისტრთა კომიტეტის პოლიტიკურ დღის წესრიგში ამ საკითხის შენარჩუნებით, ევროპის საბჭო ხელს შეუწყობს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრას არა მხოლოდ ეთნიკური წმენდის შედეგად დაზარალებულთათვის, რომელთა უფლებები, მათ შორის საკუთარ სახლებში უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნება კვლავაც ირღვევა ოკუპანტი ქვეყნის მიერ, არამედ სასარგებლო იქნება ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის“- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ქართული მხარე მინისტერიალზე წევრი ქვეყნების მიერ დაფიქსირებულ პოზიციას - საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშემშლელი გარემოებების დაძლევის საკითხის შესახებ მიესალმება.
