რამაზ საყვარელიძე - თითქოს, ბასმა საკუთარი პოზიციის 27 მაისამდე გამოხატვა იჩქარა
რამაზ საყვარელიძე - თითქოს, ბასმა საკუთარი პოზიციის 27 მაისამდე გამოხატვა იჩქარა
19:49 25.05.2012
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში საქართველოსთან  მიმართებაში საკმაოდ მკაცრია. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.
მისი შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ორი ფაქტორის გამოა საყურადღებო. „თითქმის ყველა მწვავე საკითხი, რომელიც ქართული საზოგადოების წინაშე დგას, ამ შეფასებაში ასახულია, ასევე, ეს ანგარიში განსაკუთრებულ მნიშვნელობას წინასაარჩევნო პერიოდში იძენს“ - განაცხადა მან.
პოლიტოლოგის თქმით, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების ანგარიშში ასახვა კი, განსაკუთრებით აჩენს განცდას, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება გასულ წლებთან შედარებით, წელს გაცილებით მკაცრია.
ამასთან, საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის მიერ გაკეთებული მწვავე კომენტარები, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს დაგეგმილ აქციას უკავშირდებოდეს.
„მან თითქოსდა იჩქარა, რომ საკუთარი პოზიცია 27 მაისამდე გამოეხატა“ - განაცხადა ექსპერტმა. 
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა. მასში ყურადღება საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეცაა გამახვილებული. ამის შემდეგ, ჯონ ბასმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც იგი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საჭირო პროგრესზე, ასევე პატიმრებთან მიმართებაში არსებულ პრობლემებზე და სხვა საკითხებზე საუბრობს. ასევე, ბასის თქმით, შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქართული დემოკრატია უფრო მტკიცე და მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოს საჭიროებს.

ბეჭდვა