ბაღათურია – ლაზიკის მშენებლობა ინტერგალაქტიკური ფანტასტიკაა
ბაღათურია – ლაზიკის მშენებლობა ინტერგალაქტიკური ფანტასტიკაა
18:20 25.05.2012
ქალაქ ლაზიკას მშენებლობასა და საჭირო ინვესტიციების მოზიდვას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ქართული დასის“  ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს გალაქტიკის მასშტაბის ფანტაზია უწოდა.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოქმედმა საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიამ დღეს, ლაზიკას კონცეფციასთან დაკავშირებით პირველი განხილვა გამართა.
„ეს არის ინტერგალაქტიკური მასშტაბის ფანტაზია, რომელიც გინდათ წინასაარჩევნოდ ხალხს თავს მოახვიოთ“ – განაცხადა კომისიის სხდომაზე ბარათურიამ.
მისი თქმით, არ არსებობს საჭირო უცხოური ინვესტიციის მოზიდვის გარანტირებული გზები.
„მაშინ, როცა თბილისში ვერ იზიდავთ ინვესტიციებს და მხოლოდ რესტორნები და კაზინოები იხსნება, პრესპექტივაში რაღაც ჭაობში ქალაქის აშენებაზე რა ინვესტიციას მოიზიდავთ“ – განაცხადა ბაღათურიამ.
როგორც „ქრისტიან–დემოკრატმა“ ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, განხილვაზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ იდეების ერთობლიობა და არა საჭირო ეკონომიკური დასაბუთება.
„ეს ქალაქი შენდება აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, სადაც რუსული ტანკებია განლაგებული და ეს ინვესტორისთვის ოპტიმიზმის განსაკუთრებულ საფუძველს ნამდვილად არ იძლევა“ – აღნიშნა ვეფხვაძემ.
ოპოზიციას ევროპასთან ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოცნებისა და ამბიციის გარეშე არც ერთი სახელმწიფო არ ვითარდება.
„ოცნების და განვითარების ამბიციის მომხრე ვარ“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ლაზიკას სტატუსთან დაკავშირებით ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილება მზადდება. ქალაქის უფლებამოსილებები და სამართლებრივი სტატუსი ორგანული კანონით დარეგულირდება.
საკონსტიტუციო ცვლილების შეტანამდე პროექტის საჯარო განხილვა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იგეგმება.

ბეჭდვა