შავი ზღვის სანაპიროზე მშენებარზე ქალაქის - ლაზიკას სამომავლო სტატუსი დღეს, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოქმედმა საყოველთაო
სახალხო განხილვის კომისიამ პირველად განიხილა.
კონცეფცია “ლაზიკა – ახალი შესაძლებლობების ქალაქი“ განხილვაზე სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ივა დავითაიამ წარადგინა.
„ჩვენ არ გვინდა რომ ეს პროექტი მიჩნეული იყოს მორიგ სამშენებლო პროექტად. ეს იქნება განსაკუთრებული იურისდიქცია და კონკურენტული გარემო ქვეყნის შიგნით“ – განაცხადა დავითაიამ.
მისი თქმით, ქალაქთან მიმართებში განიხილება 4 ძირითადი კომპონენტი – სამართლებრივი გარემო, ეკონომიკური სტრატეგია, ქალაქის ადმინისტრაციის მოდელი და ურბანული დაგეგმარების მიმართულება.
განხილვისას ამ მიმართულებით ჰონდურასისა და დუბაის გამოცდილებაზეც ისაუბრეს.
მისი თქმით, ლაზიკას როგორც მდებარეობა, ისე ეკოლოგიური პირობები მიმზიდველია, რაც უცხოელი ინვესტორებისთის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.
გარდა ამისა, დავითაიას თქმით, ქალაქში სპეციალური ეკონომიკური ზონები, მაღალი დონის განათლების შესაძლებლობები და ჯანდაცვის სისტემა შეიქმნება. ამასთანავე, რეგიონში იარსებებს ყველანაირი სატრანსპორტო კავშირი, რაც ქალაქის განვიათარებას ხელს შეუწყობს.
შეხვედრაში მონაწილე ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქალაქის მშენებლობაზე დასახარჯი ფინანსები გაუმართლებელია. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ყურადღება საფრთხეებზე გაამახვილეს, რაც მათი თქმით, შესწავლილი და გათვალისწინებული არ არის. კერძოდ, საუბარია დაცული ტერიტორიების დაზიანების შესაძლებლობაზე, ნაპირების პრობლემატიკაზე, ასევე ეკონომიკური გათვლების არარსებობასა და ლაზიკას მოსახლეობის ნახევარ მილიონამდე გაზრდის გზების დაუსაბუთებლობაზე.
როგორც დავითაიამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, ქალაქის ზუსტი მონახაზი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ის გაშლილი იქნება სანაპირო ზოლის გასწვრივ 20 კმ–ზე, ხოლო სიღრმეში 10 კმ–ზე ანაკლიასა და ყულევს შორის.
„დაცული ტერიტორიების გამოყენებაზე საუბარი არ არის, მათ შეიძლება გვერდი ავუაროთ. ეკოლოგიური სისტემის საზიანოდ პროექტი არ განხორციელდება. თუ ქალაქი მოიცავს დაცული ტერიტორის გარკვეულ ნაწილს, ის შეიძლება ქალაქის შიგნით ეროვნულ პარკად ჩამოყალიბდეს“ – განაცხადა დავითაიამ.
როგორც შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ძაგნიძემ განაცხადა, ყველა ტერიტორიული ერთეულის სტატუსი განისაზღვრება კონსტიტუციით და შესაბამისად ახალი ქალაქის სტატუსიც კონსტიტუციაში შესაბამისი დებულებით უნდა განისაზღვროს, ხოლო უშუალოდ სამართლებრივ სტატუსთან და უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს ორგანული კანონით მოწესრიგდება.
საკონსტიტუციო ცვლილების შეტანამდე, პროექტის საჯარო განხილვები დაგეგმილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში.
