ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მესაზღვრეების მიერ დაკავებულ ოთხ ქართველს ხვალამდე გამოუშვებენ. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.
უტიაშვილის თქმით, დაკავებულთა გათავისუფლების საკითხზე დღეს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელეს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს.
მისი ინფორმაციით, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქართველები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ტყეში ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ შესული. ისინი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 21-22 მაისს დააკავეს.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის რიგით 23-ე შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ეუთო-ს ოფიციალური ვებ-გვერდიც აქვეყნებს.
ეუთო-ს ინფორმაციით, მხარეებმა მიმდინარე მოვლენები განიხილეს. გადაწყდა, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდშიც გაგრძელდება. შეხვედრაზე საუბარი რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს „კავკასია 2012“-საც შეეხო.
მხარეთა შეთანხმებით, მომდევნო რიგით 24-ე შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა.
