პოლიტიკური ორგანიზაციების ახალგაზრდა წევრებმა მიმართვა შეიმუშავეს
პოლიტიკური ორგანიზაციების ახალგაზრდა წევრებმა მიმართვა შეიმუშავეს
17:14 25.05.2012
„სახალხო კრების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები დღეს, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციებისადმი მიმართვა შეიმუშავეს.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი ყოველდღიურად მყარდება, რომელიც დიქტატურისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიდის.
მათი განცხადებით, დღეს არსებული ხელისუფლება ნეობოლშევიზმის „საუკეთესო“ ტრადიციების მიმდევარია.
„მოსახლეობის ტერორი და დაშინება იმ გუნდის მხრიდან, რომელსაც ხალხის ნების მიუხედავად ხელისუფლება მითვისებული აქვს, ყველა ზღვარს სცდება და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალის ასახვევად როგორც „ახალგაზრდა დემოკრატია“ ისე იფუთება. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, პრაქტიკულად ერთი ადამიანის ნება-სურვილის იურიდიულ გამფორმებლად არის ქცეული“ - ნათქვამია მიმართვაში.
მათი თქმით, სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. ასევე, ყველა საერთო ნაციონალური მაუწყებლობის სატელევიზიო არხი ხელისუფლების საკუთრებაა, რადგან ტყუილის პროპაგანდას ეწევა და მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობის ილუზიას უქმნის.
„განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უკანონოდ, მოგონილი ბრალდებებით აპატიმრებენ. ბიზნესი დატერორებულია. ქვეყანაში ელიტული კორუფცია ბატონობს. საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები და პოლიტიკური დევნილები, რომელთა რიცხვი 2011 წლის 26 მაისს, ხელისუფლების მიერ აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისთვის მოწყობილი სისხლიანი, სადამსჯელო სპეცოპერაციის შემდეგ კრიტიკულად გაიზარდა“ - აღნიშნავენ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები.
მათივე ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის 2/3 სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება და პირველადი ჯანდაცვის მიღების საშუალებაც კი არ აქვს.
როგორც ისინი განმარტავენ, ახალგაზრდებს განათლების მიღების საშუალება პრაქიტულად ჩამორთმეული აქვთ, რასაც გაზრდილი გადასახადების გამო ათი ათასი სტუდენტისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებაც მოწმობს.
„2012 წელი ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების წელია. არადემოკრატიული საარჩევნო გარემოსა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების არარსებობის პირობებში, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება პრაქტიკულად გამორიცხულია“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაციებს საქართველში მიმდინარე მოვლენების ადექვატური შეფასებისკენ მოუწოდებენ.


ბეჭდვა