ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის წლევანდელ ანგარიშს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ თავმჯდომარე, უფლებადამცველი ირინა ფუტკარაძე საქართველოს ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკულს უწოდებს.
ამის შესახებ მან „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა.
ფუტკარაძის თქმით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის წლევანდელი ანგარიში, წინა წლების დასკვნისგან რადიკალურად განსხვავდება და და იქ ჩვეული რბილი ტონი აღარ შეინიშნება.
მისი თქმით, წლევანდელ ანგარიშში საუბარი უკვე ადამიანის უფლებების დაღვევის კონკრეტულ ფაქტებზეა. კონკრეტულად აღნიშნულია, რომ საქართველოში პროფესიული კავშირების გაერთიანებების ფუნდამენტური უფლებები დაირღვა, ასევე ოპოზიციონერი აქტივისტების დაშინება და დევნა ხდებოდა.
„მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ აღნიშნულ ანგარიშში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისას ძალოვანი უწყებების მიერ ძალაუფლების გადამეტების ფაქტებიც აისახა. ანგარიშში პირდაპირ მიუთითებენ, რომ დემონსტრაციაზე მოქალაქეთა დარბევის დროს ძალის გადამეტების ფაქტებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია. ელჩი ჯონ ბასისც გამოეხმაურა ამ ფაქტებს ვიდეო ინტერვიუში“- განაცხადა ფუტკარაძემ.
მისი განმარტებით, ასეთი მწვავე ანგარიში მიუთითებს, რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევნების მიმართ აშშ-ს მხრიდან დიდი ინტერესია.
„ძნელია ვთქვა, რომ ეს ანგარიში ხელისუფლებისთვის, მისი არაორდინალური ქმედებებიდან გამომდინარე, ძალადობრივი ქმედებების განხორციელებაში შემაკავებელი ფაქტორი იქნება, თუმცა, ამ დასკვნის შემდეგ რომ ხელისუფლება საგონებელში ჩავარდება, ფაქტია“ - აღნიშნა მან.
ფუტკარაძის აზრით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ანგარიშით ხელისუფლებას მესიჯსაც უგზავნის - დროულად მოეგოს გონს და ძალადობრივი ქმედებები მეტად აღარ განახორციელოს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა. მასში ყურადღება საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეცაა გამახვილებული.
