„ქართული ოცნება“ ტარიელ ივანიშვილზე თავდასხმის ფაქტს გმობს
„ქართული ოცნება“ ტარიელ ივანიშვილზე თავდასხმის ფაქტს გმობს
14:44 25.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ასპინძის შტაბის ხელმძღვანელ ტარიელ ივანიშვილზე თავდასხმის ფაქტს გმობს.
როგორც „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოალიცია ეწინააღმდეგება იმ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც შსს-მ ასპინძის შტაბის ხელმძღვანელის წინააღმდეგ ააგორა.
„ქართული ოცნება“ სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტის სწრაფი და ობიექტური გამოძიებისკენ, ხოლო ე.წ. სამთავრობო ტელევიზიების ჟურნალისტებს - ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამას როგორც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი ისე ელექტრონული მედიის შესახებ ეთიკური სტანდარტები და სამოქალაქო კოდექსი კრძალავს“ - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ქართული ოცნება“ მსგავს პროვოკაციას არასდროს შეუშინდება და ქვეყანაში ვითარების გამოსწორებისა და სამართლიანობის დამკვიდრებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
შსს-მ „ქართული ოცნების“ ასპინძის შტაბის ხელმძღვანელის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 22 მაისს გელა მურადაშვილი დააკავა.
სამინისტროს ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ასპინძის შტაბის ხელმძღვანელი გელა მურადაშვილს ჰპირდებოდა, რომ პოლიტიკური დავალებების შესრულების სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდის შემდგომ, მას „ქართულ ოცნებაში“ გააწევრიანებდა და სოლიდურ ანაზღაურებიან სამსახურს შესთავაზებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბეჭდვა