უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საზეიმო სხდომის 26 მაისს ქუთაისში მოწვევის წინადადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის პირველი საზეიმო სხდომა 17.00 საათზე გაიხსნება, მასზე მხოლოდ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი, სხდომის შემდეგ, 18.00 საათზე სამხედრო აღლუმი გაიმართება.
მანამდე, მისივე თქმით, პრეზიდენტი თბილისში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება.
„პარლამენტის სხდომა საზეიმო სხდომის რეგლამენტით გათვალისწინებული წესებით ჩატარდება. სხდომაზე მოწვეული არიან სტუმრები, მათ შორის, დიპლომატიური კორპუსის და საპატრიარქოს წარმომადგენლები“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა.
ამასთან, მაჭავარიანის განცხადებით, არქიტექტორებთან შეთანხმების თანახმად, 26 მაისისთვის მზად მხოლოდ პარლამენტის ახალი შენობის სხდომათა დარბაზი და შესასვლელი იქნება.
„რეგლამენტის თანახმად, დარბაზი საზეიმო სხდომის დასრულების შემდეგ დაიკეტება და იქ არანაირი ცვლილებები აღარ განხორციელდება“ – აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მშენებლობა გაგრძელდება და სექტემბრის ბოლოს დასრულება.
მშენებარე შენობაში საზემო ღონისძიების ჩასატარებლად უსაფრთხოების ზომებზე საუბრისას, ვიცე-სპიკერმა ხუმრობით ურჩია ჟურანლისტებს ჩაფხუტები დაიხურონ.
