„ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო სამუშაოები დილის ხუთი საათიდან დაიწყება
„ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო სამუშაოები დილის ხუთი საათიდან დაიწყება
13:58 25.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ 27 მაისს დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო სამუშაოები დილის ხუთი საათიდან დაიწყება.

როგორც დღეს ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე განაცახადა, ადრე დილიდან დაიწყება სცენის დამონტაჟება და რამდენიმე ასეულ მეტრზე გახმოვანების აპარატურის განთავსება.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, შეთანხმებები, გაფრთხილებები და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია მერიასა და საპატრულო პოლიციაში გაგზვნილია.

,,მერიას აქციასთან დაკავშირებით, წარმომადგენლად მალხაზ კუნელაური ჰყავს დანიშნული, რომელთანაც შეხვედრა რამდენჯერმე გავმართეთ. კუნელაურმა განგვიცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე კარვებს 26 მაისის საღამოს აიღებენ“ - განმარტა ძიძიგურმა.

მისივე განცხადებით, თავისუფლების მოედნისკენ, მსვლელობები ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს. ამიტომ, მათი მხრიდან წესრიგი მაქსიმალურად დაცული იქნება.

როგორც ძიძიგურმა განმარტა, აქციის საორგანიზაციო საკითხებს და წესრიგის დაცვას, განსხვავებულ ფორმაში ჩაცმული მოქალაქეები უზრუნველყოფენ.

მისივე თქმით, ღონისძიება ხანგრძლივი არ იქნება და ის დაახლოებით 12.00-დან 17 .00 საათამდე გაგრძელდება.

,,თავისუფლების მოედანი აქციის მონაწილეებს ვერ დაიტევს. ამიტომ პარლამენტის გამზირზე ეკრანი დამონტაჟდება, სადაც აქციის მონაწილეები შეძლებენ ღონისძიებას თვალყური ადევნონ“ - აღნიშნა ძიძიგურმა.

მისივე ინფორმაციით, აქციაზე დაახლოებით 75-80 ათასამდე მოქალაქე მივა.

,,რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანის ორგანიზება არ მოგვიხდენია, რადგან ეს არის თბილისის ღონისძიება. ეს შეკრება ,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიებაა“ - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე თქმით, აქციის მოსაწვევების დარიგების პროცესი დღეს დასრულდება.


ბეჭდვა