პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტთან ხელმოსაწერად ჯერ გადაგზავნილი არ არის.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში განუცხადეს.
პრეზიდენტს შვიდი დღის ვადაში უნდა გადაეგზავნოს პარლამენტის გადაწყვეტილება. მას კი, დოკუმენტზე ხელმოსაწერად ათდღიანი ვადა აქვს. სავარაუდოდ, საკონსიტიტუციო ცვლილებები მიხეილ სააკაშვილს დღეს გაეგზავნება.
22 მაისს დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ. ამასთანავე, ცვლილების თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს პირი 21 წლის ასაკიდან.
აღნიშნული ცვლილება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს საშუალებას აძლევს, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს მოუწოდა მას ხელი არ მოაწეროს.
ივანიშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება სახელმწიფოებრიობის და კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო ისეთი ქმედებაა, რომლის პრეცენდენტიც მსოფლიოში არ მოიპოვება.
