ამერიკის ელჩის ჯობ ბასის განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული
თუ რა მოხდება არჩევნების დღეს, არამედ არჩევნების წინა პერიოდში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. ამის შესახებ ბასმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მის გვერდზე გამოქვეყნდა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს კვლავ მიაჩნია, რომ მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქართული დემოკრატია უფრო მტკიცე და მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოს საჭიროებს.
„ზუსტად ამიტომ, ჩვენი დახმარების დიდი წილი, მათ შორის, გასულ წელს გამოყოფილი 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია საარჩევნო რეფორმის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის, დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების გაძლიერებისკენაა მიმართული“ - აღნიშნა ბასმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში არსებული ინფორმაცია ამერიკის წუხილს იწვევს.
„როდესაც საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე წუხილის მიზეზი გვექნება, აშშ-ს მღალი რანგის პირები საქართველოს ოფიციალურ პირებთან საუბარს გააგრძელებენ. თუმცა, ყოველთვის მზად ვართ მიღწეული პროგრესიც ვაღიაროთ“ - განაცხადა ბასმა.
ელჩმა ასევე, აღნიშნა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მთავრობებს და ლიდრებს მოუწოდა - სამოქალაქო საზოგადოება არა მოწინააღმდეგედ, არამედ პარტნიორად მიიჩნიონ.
„ჩვენმა მთავრობამ ვალდებულება აიღო - დაიცვას და მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებების დამცველებს“ - აღნიშნა ბასმა.
მისი თქმით, მიზნის მისაღწევად აშშ-ს საელჩო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებთან, ადამიანის უფლებების დამცველებთან, მედიის წარმომადგენლებთან და ოპოზიციის წევრებთან ურთიერთობას გააგრძელებს.
