კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ 27 მაისის აქციაზე უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი მივა. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
სესიაშვილის განმარტებით, სახელისუფლებო პროპაგანდა აცხადებს, რომ ,,ქართულ ოცნებას“ რეიტინგი არ აქვს.
„დარწმუნებული ვართ, 27-ში იმ რაოდენობის ხალხი მოვა, როგორიც საქართველოს არ ახსოვს. ამით, ხაზს გადავუსვამთ იმ პროპაგანდას, თითქოს კოალიციას რეიტინგი არ აქვს“- აღნიშნა სესიაშვილმა.
როგორც მან განაცხადა, ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ხვალ თბილისში სამ ადგილას - ავლაბრის მეტროსთან, ვაკის პარკსა და დინამოს სტადიონთან შეიკრიბებიან და მსვლელობას თავისუფლების მოედნისკენ მოაწყობენ.
მისი თქმით, აქციას საპროტესტო ხასიათი არ ექნება. გამომსვლელები კოალიციის პროგრამის ზოგიერთ ნაწილზე ისაუბრებენ.
სესიაშვილის თქმით, რეგიონებში რიგით ადამიანებზე ზეწოლა ხორციელდება და მათ საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირების ეშინიათ.
მისივე განმარტებით, რეგიონების მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება, ვინაიდან, იქ მხოლოდ პროპაგანდისტული მედია მაუწყებლობს.
სესიაშვილს იმედი აქვს, რომ მალე დადგება გარდატეხის მომენტი, როდესაც საზოგადოება შიშს დაძლევს და მიუხედავად სამსახურებივი მდგომარეობისა, საკუთარ აზრს ღიად დააფიქსირებს.
