აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახული საკითხები მმართველი გუნდისთვის საყურადღებოა, თუმცა, მათ ცალკეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია აქვთ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ განუცხადა.
„არის საკითხები, რომელზაც ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხები და რომლებზეც უკვე მოხდა რეაგირება, თუმცა, არის საკითხები რომელზეც შეიძლება განსხვავებული პოზიცია გვქონდეს“ – აღნიშნა თორდიამ.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია საკითხები, რომელზეც მათ ინფორმაცია ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიაწოდეს. მაგალითისთვის დეპუტატმა პოლიტპატიმრების და მედიასთან დაკავშირებული საკითხები მოიყვანა.
„პოლიტპატიმრებზე ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მსგავსი ტიპის სასჯელი ჩვენს კანონმდებლობაში არ არსებობს. ამ ნაწილში გვაქვს სხვა პოზიციები, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია“ – აღნიშნა თორდიამ.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახალხო დამცველის ანგარიშებში ასახული პრობლემატური საკითხები საბოლოო ჯამში მოგვარდეს და ამოიწუროს.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი პრობლემა გრძელვადიან მუშაობას და გარკვეული ინფრასტრუქტურული საკიხების მოწესრიგებას საჭიროებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიშში, საქართველოში სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტებზეა საუბარი. ამასთანავე, იგი აღნიშნავს პოლიტიკურ ოპონენტთა დაშინების შემთხვევებსა და მთავრობის პირდაპირ ან ირიბ გავლენას მედიასაშუალებებზე.
