ხუთი ქართული პოლიტიკური პარტია, პარტიების დაფინანსების ახალი წესების საწინააღმდეგოდ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს სარჩელს შეიტანს.
ამის შესახებ პარტიების - ,,თავისუფალი საქართველოს“, ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“, ,,მწვაენთა პარტიის“, ,,სოციალ-დემოკრატების“ და ,,ტრადიციონალისტების“ წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი განმარტებით, საქმე ეხება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე, 27-ე და 34 პრიმა მუხლებს, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან წინააღმდეგობაში მოდის.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა შალვა ოგბაიძემ განაცხადა, აღნიშნული ცვლილებით თითოეულ ამომრჩეველს სერიოზული პრობლემა ექმნება თუ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე თუნდაც მცირედ დახმარებას შეიტანენ.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში კონტროლის პალატა ხელისუფლების ხელში სადამსჯელო ინსტურმენტად იქცა.
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელმა ალექსანდრე შალამბერიძემ კი განაცხადა, რომ აღნიშნული კანონმდებლობით სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება. ასევე, იგი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მეორე თავის დებულებებს, სადაც ნათქვამია, რომ ყველას აქვს უფლება პოლიტიკური გაერთიანება შექმნას.
„ტრადიციონალისტთა“ წარმომადგენელმა ასლან ფაღავამ კი განაცხადა, რომ მათ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დროულად არ განიხილავს. თუმცა, ისინი ყველა სამართლებრივი გზით ეცდებიან უსამართლო კანონის გაუქმებას.
