საქართველოში აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი წუხილს გამოთქვამს პატიმრებისა და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ ცუდი მოპყრობისა და ზოგიერთ საპატიმროში შეუსაბამო პირობების გამო.
ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა facebook-ის საშუალებით გავრცლებულ მიმართვაში განაცხადა.
ელჩის თქმით, კანონის უზენაესობის კუთხით, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის მხრივ, კვლავ ნაკლოვანებებია.
ჯონ ბასის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ მედიაში აზრთა მრავალფეროვნებაა, კვლავ ადგილი აქვს მთავრობის პირდაპირ თუ ირიბ გავლენას წამყვან მაუწყებლებზე. ასევე, პრობლემაა ის, რომ მთავრობის ჩარევის გამო, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავისუფალი მოქმედება იზღუდება.
„სამწუხაროა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიები კვლავ სამთავრობო კონტროლის მიღმაა და ამ რეგიონებში უღრესად შეზღუდულია შეღწევა. კვლავ ვიღებთ ინფორმაციას ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. კვლავ მოვუწოდებთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა შესვლა, რათა ჩვენ ყველამ შევძლოთ გამოვიკვლიოთ და ვუპასუხოთ ძალადობას, რომელიც იქ ხდება“ - განაცხადა ელჩმა.
აშშ-ს აღელვებს ის ფაქტი, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების ის წარმომადგენლები, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ ძალა გადაჭარბებულად გამოიყენეს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ არიან მიცემული.
