მომავალ არჩევნებში დამატებით 3 500-მდე მსჯავრდებული მიიღებს მონაწილეობას
მომავალ არჩევნებში დამატებით 3 500-მდე მსჯავრდებული მიიღებს მონაწილეობას
12:25 25.05.2012
ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხდვერაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის საკითხზე იმსჯელეს.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, მომავალი არჩევნების დროს დაწესებულებებში სპეციალური ადგილები გამოიყოფა, სადაც სააგიტაციო მასალები განთავსდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არჩევნებში, გარდა წინასწარ პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულებისა, ახალი საარჩევნო კოდექსით მონაწილეობას პატიმრების ის კატეგორია მიიღებს, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშულისთვის იხდიან სასჯელს. კერძოდ, საუბარია 5 წლამდე პატიმრობაში მყოფ მსჯავრდებულებზე.
„ასეთი 16 დაწესებულებაა. ამ ორივე კატეგორიის პატიმრების რაოდენობა ცვლადია, თუმცა, დაახლოებით 3 000-3 500-მდე მერყეობს“ - აღნიშნა ხარატიშვილმა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი მაკასარაშვილმა კი განაცხადა, რომ სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებებში, პატიმრების ხმის მიცემას უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, გვარდება ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმტრებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით უზრუნველყოფის საკითხი. ასევე, კენჭისყრის პროცესი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაიმართება, თუმცა, მასზე დასწრების და დაკვირვების უფლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს არ ექნებათ, რადგან პროცესზე დაკვირვების მანდატი მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს აქვთ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეხვედრის მონაწილეები, გამოვიდნენ ინიციატივით - მიმართონ სახალხო დამცველს, შეიქმნას ნდობის ჯგუფი, რომელთა წარმომადგენლებიც, 16-ვე დაწესებულებაში საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.

ბეჭდვა