აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონს ბასი ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებას და რელიგიური უმცირესობებისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების Sესაძლებლობას დადებითად აფასებს.
ამის შესახებ ელჩი ვიდეომიმართვში აცხადებს, რომელიც „ფეისბუქის“ ბასის გვერდზე გავრცელდა.
„მსურს ხაზი გავუსვა ზოგიერთ იმ სფეროს, რომელშიც საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია 2011 წელს, მათ შორის არის - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ციხეების აგება, ზოგიერთი დანაშაულისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება და რელიგიური უმცირესობებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ დარეგისტრირდნენ საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით“- განაცხადა ბასმა.
მისივე განცხადებით, რამდენიმე სფეროში მეტი პროგრესია საჭირო, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
„როგორც გასულ წელს სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა განაცხადა, ადამიანის უფლებების თემაზე მის გამოსვლაში - „დემოკრატიული საზოგადოება ადასტურებს თავის სიდიადეს არა დაჟინებით, რომ იგი იდეალურია, არამედ ინსტიტუტებისა და პრინციპების გამოყენებით, რომ გახდეს მეტად იდეალური“- აღნიშნა ბასმა.
მისი თქმით, ადამიანის უფლებების შესახებ აშშ ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს და შეერთებული შტატები ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების პატივისცემას მთელ მსოფლიოში.
ჯონ ბასის განმარტებით, ანგარიში ამ ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილია და შეფასება მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყნის შემთხვევაში კეთდება.
როგორც ელჩი აღნიშნავს, ანგარიში წელს ახალი ფორმატითაა წარმოდგენილი - იგი შემოკლებულია, მარტივად იკითხება და ყურადღებას ამახვილებს იმ სფეროებზე, სადაც საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად დამატებითი პროგრესია საჭირო.
