"ქრისტიან-დემოკრატები" პარტიებისთვის სადღესასწაულო ღონისძიებების დროს გასაცემი საჩუქრების ლიმიტის 60 ათას ლარამდე გაზრდას ითხოვენ.
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებმა" "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი შეიმუშავეს, რომელიც პარლამენტში უკვე წარადგინეს.
მოქმედი კანონით პარტია უფლებამოსილია სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნის ფარგლებში წლის განმავლობაში საჩუქრად გასცეს მცირე ღირებულების მქონე ნივთები საერთო ღირებულებით არა უმეტეს 5 000 ლარის. ახალი კანონპროექტით "ქრისტიან-დემოკრატები" 5 ათას ლარიანი ზღვარის 60 ათას ლარამდე გაზრდას ითხოვენ.
"წლის განმავლობაში პარტიის მიერ 5000 ლარის ღირებულების ნივთების გაჩუქება სადღესასწაულო ღონისძიებებისას მეტად უმნიშვნელო სრულიად არაეფექტური და მიზერულია" – ნათქვამია "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ მომზადებულ კანონპროექტში.
აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ჯერ არ დაწყებულა.
