ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას აპირებს
ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას აპირებს
10:39 25.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების სათავეში მოსვლის მეორე დღიდანვე რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა და თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად ოს და აფხაზ ხალხთან ურთიერთობის აღდგენა დაასახელა.
„ჩვენი გამარჯვება უფრო ადვილია, ვიდრე ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ ესეც აუცილებლად მოხდება. მეორე დღესვე დავიწყებთ რუსეთთან მოლაპარაკებებს. უნდა შევეცადოთ აღვადგინოთ ოს და აფხაზ ძმებთან დანგრეული ხიდი“-განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ამ პრობლმების გასაღები ქვეყნის შიგნით დევს.
როგორც ივანიშვილმა განმარტა, მისმა ხელისულფლებამ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება უნდა შეძლოს, რათა ხალხს საქართველოში ცხოვრების სურვილი გაუჩნდეს, ვინაიდან კოალიციის ლიდერი ფიქრობს, რომ დღეისთვის, საზღვრების გახსნის შემთხვევაში, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი უცხოეთში წავა.
„მთავარია კარგი ქვეყანა ავაშენოთ, რათა ადამიანებს ჩვენსკენ ჰქონდეთ სწრაფვა. ამერიკაც და დასავლეთიც მეტად დაგვიჭერს მხარს, როცა დემოკრატიისკენ ჩვენს რეალურ სვლას დაინახავს“ - განაცხადა მან.
ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ გარკვეულ პერიოდში ტერიტორიებს აუცილებლად დაიბრუნებს, თუმცა, მას დროის დაკონკრეტება უჭირს.
„შესაძლოა ამას ძალიან მცირე დროც ეყოს, შესაძლოა, ძალიან დიდიც დასჭირდეს"-აღნიშნა მან.

ბეჭდვა