ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი რიგით 23-ე შეხვედრა დღეს გაიმართება.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.
„ეს იქნება არსებულ ვითარებაზე და პრობლემებზე სტანდარტული შეხვედრა. განსაკუთრებულს ამ შეხვედრიდან არაფერს ველით“ - განაცხადა მან.
ამასთან, მისი თქმით, საუბარი შეეხება რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ქართველების გათავისუფლების საქმესაც. ჯონჯოლის საკრეფად გადასული ოთხი ქართველი ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთო-ს ხელშეწყობით, 22-ე შეხვედრა დაახლოებით ერთი თვის წინ გაიმართა.
