ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ჩატარებული
საპრეზიდენტო არჩევნების დროს მუქარისა და ზეწოლის ფაქტები გამოიკვეთა.
როგორც აშშ-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ანგარიშშია აღნიშნული, 2008 წლის არჩევნები, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ ეუთოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შეესაბამებოდა.
„ეუთომ ასევე, გამოარჩია მნიშვნელოვანი პრობლემები, მათ შორის ფართოდ გავრცელებულ ბრალდებები მუქარისა და ზეწოლის შესახებ, ხმების დათვლისა და ტაბულაციის არასრულფასოვანი პროცესი და ნაკლოვანებები საჩივრებისა და აპელაციის წარდგენის პროცესში. ეს და სხვა პრობლემები დაფიქსირდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც, რომელიც ეუთოს დამკვირვებელთა დასკვნით, საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში არათანაბარი და არასრულყოფილი იყო“ - აღნიშნულია ანგარიშში.
საანგარიშო წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებად დასახელებულია რამდენიმე საკითხი, მათ შორისაა - სახელმწიფო მოხელეების მიერ პატიმართა და დროებით დაკავებულთა უფლებების დარღვევა, საპატიმროებში სტანდარტებთან სახიფათოდ შეუსაბამო პირობები; კანონის უზენაესობის კუთხით ხარვეზები და პროფკავშირებში გაერთიანებულ მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებში მთავრობის ჩარევა, მათ შორის, ჩარევა გაფიცვებში, თანამშრომელთა დაუსაბუთებელი დათხოვნა, შრომითი კოლექტივების აქტივისტთა დევნა, დაშინება და სხვა სახის პრობლემები.
მათი ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების დიდი რაოდენობის მიუხედავად, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტში ერთი პარტია დომინირებდა.
