პარლამენტის წევრთა ასაკის 21 წლამდე შემცირება ახალგაზრდებისთვის კარგი სიგნალი და მოტივაციაა.
ეს განცხადება დღეს ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.
„ბევრი გვაკრიტიკებს თუ რატომ დავწიეთ დეპუტატის ასაკი 21 წლამდე. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგი პარლამენტი 21 წლის ახალგაზრდებით გაივსება, შეიძლება 2 ან 3 ადამიანი იყოს მაქსიმუმ. ეს არის სიგნალი ახალგაზრდებისთვის“ – განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, თუ ახალი თაობის წარმომადგენლები მოტივირებულები იქნებიან, მათთვის ყველა კარი, მათ შორის, პარლამენტის, ღიაა.
„გვინდა რაც შეიძლება სწარაფად მოვიდეს თქვენი თაობა ქვეყნის სათავეში. ჩვენი თაობა აუცილებლად წავა, რადგან არ არსებობს პოლიტიკაში მუდმივი ხელისუფლება, უნდა არსებობდეს მუდმივი ღირებულებები“ – აღნიშნა ბაქრაძემ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კლასი, რომელიც გუშინდელი დღეა.
„არ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანები მუდმივად 20 და 25 წლის მანძილზე ცდილობდნენ და პრეტენზია ჰქონდეთ, რომ იყვნენ და წარმოადგენდნენ ამ ქვეყნის მომავალს. 25 წლის მანძილზე ადამიანი პოლიტიკაში უბრალოდ ცვდება“ – განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ ქვეყნის წინსვლისთვის თაობათა ცვლა აუცილებელია.
