ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მოლაპარაკებები გალში კვლავად ჩაშლილია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განუცხადა.
„როგორც იცით, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები მოსკოვში იმყოფებოდნენ, შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს, თუმცა, ჯერჯერობით სიახლე არ არის“-განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, მოსკოვზეა დამოკიდებული გალში მოლაპარაკებები განახლდება თუ არა.
„მოსკოვში აცხადებენ, რომ სურთ მოლაპარაკებების განახლება თუ ეს მართლა ასეა, მათ მხოლოდ მარიონეტულ რეჟიმებს უნდა უთხრან, რომ გალის მოლაპარაკებები უნდა განახლდეს და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს ანჟეი ტიშკევიჩს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება უნდა მისცენ“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი განმარტებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების საკითხში შემდეგი ნაბიჯი 7-8 ივნისს დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდია.
კაპანაძის თქმით, ჟენევაში საუბრის მთავარი თემა სწორედ გალში ჩაშლილი მოლაპარაკებები იქნება.
„ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“- დასძინა მან.
ინიციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების საკითხებზე ჟენევის ფორმატის ფარგლებში გალის შეხვედრა ჩაიშალა. აღნიშნულის ინიციატორი აფხაზური მხარე იყო. ამასთან დაკავშირებით, თბილისში, ცხინვალში, გალსა და მოსკოვში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები იმყოფებოდნენ და პრობლემის მოგვარების მიზნით, საგარეო პოლიტიკურ უწყებათა და დე ფაქტო წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.
