საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თანამდებობის შეცვლის შემთხვევაში, საკუთარი ადგილის დათმობასა და სხვაგან მუშაობის გაგრძელებაში პრობლემას ვერ ხედავს.
როგორც დღეს მან ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, ის მზადაა თავის დროზე თანამდებობა დატოვოს და საქმე ახალ თაობას გადააბაროს.
„როდესაც ვიგრძნობთ, რომ ვადა გაგვივიდა, ჩვენი თაობის წარმომადგენლები წავალთ და თაობა, რომელსაც ეს ქვეყანა უნდა გადავაბაროთ, თქვენ ხართ. თაობა, რომელიც თავისუფალი პატრიოტული მენტალიტეტით მოდის“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ეს არ არის 30-40 წლიანი პერსპექტივა, არამედ ეს 7-10 წელიწადში მოხდება.
„მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენ უნდა იყოთ ის თაობა, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს და რომელიც საბოლოოდ დაასრულებს ჩვენს მიერ დაწყებულ რეფორმებს“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში პიროვნებების შეცვლა არასოდეს არის ტრაგედია.
„ეს არის დემოკრატია. პიროვნებები ყოველთვის იცვლებიან. მე პირადად, როცა შეცვლა მომიწევს, არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ ეს ადგილი დავთმო და სხვაგან გავაგრძელო ჩემი საქმიანობა“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, მთავარია, ვინ დაიკავებს ადგილს და გაგრძელდება თუ არა ქვეყნის იგივე ღირებულებებით მშენებლობა.
