ე.წ ატსტუპნიკებმა, აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად, პარლამენტის წინ დღეს აქცია გამართეს და საცხოვრებელი ფართების უპირობოდ დაკანონობა მოითხოვეს.
როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ორგანიზატორმა და პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ განუცხადა, ატსტუპნიკები ფართების დაკანონებას უკვე მე-6 თვეა ითხოვენ.
მისი თქმით, ფართების მეპატრონეები ატსტუპნიკებს თანხას და ბინიდან გასვლას სთავაზობენ, თუმცა, შეთავაზებული ფული ძალიან მცირეა. ისინი ბინათმოსარგებლეების შესახებ კანონში ცვლილებებს მოითხოვენ და ამ საკითხზე პრეზიდენტსაც მიმართეს.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც წლების წინ ფართებში თანხა გადაიხეს, მაგრამ ბინები მათ საკუთრებაში არ აღმოჩნდა, აღნიშნული ფართები უპირობოდ დაუკანონდეთ“-განაცხადა ლაღიძემ.
მისი თქმით, კანონში პირდაპირ უნდა ჩაიწეროს, რომ ე.წ ატსტუპნიკებს მესაკუთრის უფლება ენიჭებათ.
დღევანდელ აქციაზე ფართების საკუთრებაში გადაცემა აფხაზეთიდან დევნილებმაც მოითხოვეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, წყნეთის დასახლებაში დევნილების ნაწილს ფართი დაუკანონეს, ნაწილს კი - ფართები მხოლოდ იმიტომ არ დაურეგისტრირეს, რომ იმ დროისთვის სახლში არ იმყოფებოდნენ.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გადაინაცვლა. ისინი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს მანანა კობახიძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით, კობახიძემ 20 მაისს „მეორე არხის“ ეთერში განაცხადა, რომ მას ატსტუპნიკების შესახებ სმენია.
როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ატსტუპნიკები სოფლიდან ჩამოვიდნენ და აღნიშნულ ბინებში ჩაეწერნენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი - ბინათმოსარგებლეების შესახებ კანონი გადაიხედება.
აქციის მონაწილეები კობახიძეს სიტუაციაში გარკვევისკენ მოუწოდებენ.
