„თავისუფალი საქართველო“ ალექსანდრე ებრალიძისა და ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას მოითხოვს
„თავისუფალი საქართველო“ ალექსანდრე ებრალიძისა და ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას მოითხოვს
15:10 24.05.2012
პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის ალექსანდრე ებრალიძისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას მოითხოვს.  აღნიშნულთან დაკავშირებით მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შალამბერიძის თქმით, პარტია ”თავისუფალი საქართველო” პროტესტს გამოთქვამს კონსტიტუციაში შეტანილ ანტისახელმწიფოებრივ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს არჩევნებში მონაწილეობისა და საქართველოში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება ენიჭებათ.
”თავისუფალი საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებეზე ვეტოს დადებას მოითხოვს, ამასთანავე, გამოდის ინიციატივით, შეიზღუდოს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება ერთპიროვნულად გადაწყვიტოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი, ხოლო საზღვარგარეთ მცხოვრებ იმ პირებს, რომლებიც დაბადებულნი არიან საქართველოში და ფლობენ ქართულ ენას, მოთხოვნის შემთხვევაში ავტომატურად მიენიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა.
„სააკაშვილი „კონსტიტუციური” ცვლილებების შესაბამისად აშკარას ხდის თუ როგორ სძულს მას საქართველოს თითოეული მოქალაქე, როგორც მისი პოსტის სავარაუდო პოტენციური კონკურენტი, თუ როგორ არ სურს საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით ალექსანდრე ებრალიძის, ბიძინა ივანიშვილის და სხვების“- აღნიშნა შალამბერიძემ.
მისივე თქმით, განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის მხრიდან საზოგადოება მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების მომსწრე აღმოჩნდა.

ბეჭდვა